ოთახში სიჩუმე იყო და დამტვერილი საათის ისრების ჭრიალი ისმოდა. ბარბარესარკისწინ იდგა და ტუჩსაცხს ისვამდა იმ წითელ ტუჩსაცხს, გიორგის რომ ასე ეზიზღებოდა. ან, იქნებ, უყვარდა კიდეც? გიორგის ემოციები ხომ ყოველთვის ბურუსით იყო მოცული. ბარბარესთვის ეს ბურუსი ჰაერივით აუცილებელი გახდა. მან ისწავლა გიორგის ყოველი ჩასუნთქვის სიხშირე, ნაბიჯების ხმაური სადარბაზოში, მისი თვალების უმნიშვნელო დახამხამებაც კი. ის აღარ იყო უბრალოდ შეყვარებული; ის იყო აჩრდილი, რომელიც გიორგის ჩრდილსაც კი არ უტოვებდა ადგილს. დღეს გიორგის დაბადების დღეა. ის 18 წლის გახდა. გიორგიმ კარი დაღლილმა გააღო. ბოლო რამდენიმე თვეა, ის საკუთარ სახლშიც კი ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ. ბარბარე ყველგან იყო: ზარებში, შეტყობინებებში, ფანჯრის მიღმა გაელვებულ სილუეტში, მის სამუშაო მაგიდაზე დატოვებულ უცნაურ საჩუქრებში. გიორგის ეგონა, რომ გიჟდებოდა.
ბინაში ბნელოდა, მხოლოდ მისაღები ოთახიდან გამოდიოდა სანთლების სუსტი შუქი. — ბარბარე? წამოიძახა გიორგიმ ხმაკანკალებულმა. პასუხი არ ყოფილა. ის ნელა შევიდა მისაღებში. ოთახის ცენტრში დიდი, მრგვალი მაგიდა იდგა, რომელზეც უზარმაზარი, შავი ტორტი იდო. ტორტზე 18 წითელი სანთელი ენთო, რომლებიც სისხლისფრად ანათებდა. მაგიდის ირგვლივ, სკამებზე, ადამიანის ზომის ფიტულები იყო შემოხვეული , ყველა მათგანს გიორგის ბოლოდროინდელი გოგოების სახეები ჰქონდა მიხატული. — დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ერთადერთო, გაისმა ბარბარეს ხმა ზურგსუკანიდან. გიორგი შეიშმუშნა, მკვეთრად მიტრიალდა. ბარბარე იდგა თეთრ, იატაკამდე კაბაში, ხელში პატარა, ვერცხლისფერი კონვერტი ეჭირა. თვალები ჰქონდა გაფართოებული, ზედმეტად უნათებდა. — ბარბარე, გთხოვ... ეს უკვე გადაჭარბებულია. წადი. პოლიციას გამოვიძახებ, ფსიქიატრიულში გაგგზავნი! — ყვიროდა გიორგი, მაგრამ მისი ხმა შიშისგან ნელ ნელა ქრებოდა.
— შენ ვერ მიხვდი, გიორგი, მშვიდად, თითქმის ჩურჩულით თქვა ბარბარე და ნაბიჯი გადადგა მისკენ. მე შენი ნაწილი ვარ. შენი შექმნილი ვარ. შენ გეგონა, რომ მე დაგდევდი? შენ გეგონა, რომ მე ვიყავი მანიაკი? Ბარბარემ კონვერტი გაუწოდა. გიორგის ხელები უკანკალებდა, როცა ის გამოართვა და გახსნა. შიგნით ფოტოსურათები და სამედიცინო ცნობები იყო. პირველ ფოტოზე თავად გიორგი იყო ასახული, რომელიც საკუთარ ოთახში, სარკის წინ იდგა, თეთრ კაბაში გამოწყობილი და წითელი ტუჩსაცხით. მეორე ცნობაში ეწერა მისი დიაგნოზი: პიროვნების გაორება . გიორგიმ ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა. თავში საშინელმა ტკივილმა გაუარა. — შენ არასდროს გიყვირია ჩემთვის, გიორგი, გაიღიმა ბარბარემ, როცა მისი ფიგურა ოთახის ბურუსში ნელ- ნელა გაქრობას იწყებდა. შენ უბრალოდ ვერ უძლებდი მარტოობას. შენ თვითონ შექმენი ის, ვისაც ასე ძლიერად ეყვარებოდი... ვინც არასდროს მიგატოვებდა. გიორგი მარტო დარჩა ბნელ ოთახში. მან ტორტს დახედა, სანთლის შუქზე საკუთარი არეკლილი სახე დაინახა და ტუჩებზე თითი ჩამოისვა. თითზე წითელი, ბლანტი ტუჩსაცხი დარჩა.
მან ჩუმად ჩაიცინა, სანთლები სულით სულ ერთიანად ჩააქრო და სიბნელეში თქვა: დაბადების დღეს გილოცავ , გიორგი.